„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მონაწილეობა მიიღო გენდერის გლობალურ სამიტში
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მონაწილეობა მიიღო გენდერის გლობალურ სამიტში, რომელიც 25 – 27 ნოემბერს პირველად გაიმართა აფრიკაში, რუანდის დედაქალაქ კიგალში.
ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მიწვეული იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. სამიტის ფარგლებში, ჩვენმა კომპანიამ მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება წარმატებით განხორციელებული თანაბარი შესაძლებლობების პროექტის შესახებ, რომელიც დაფინანსდა იაპონია-EBRD-ის თანამშრომლობის ფონდის მიერ, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში.
კომპანიის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ მაჭავარიანმა, სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „სამუშაო ადგილზე თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა: კერძო სექტორის როლი“, სადაც ისაუბრა კომპანიაში განხორციელებული დადებითი ცვლილებების შესახებ.
გენდერის გლობალური სამიტი აფრიკის განვითარების ბანკისა და რუანდის სახელმწიფოს თანამშრომლობით და სხვა პარტნიორი მულტილატერული განვითარების ბანკების თანადგომით გაიმართა.
სამიტზე - „გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების განსაზღვრა“ წარმოდგენილი იყო საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მსოფლიოში ქალთა გაძლიერების მიმართულებით ამა თუ იმ სფეროში.
სამიტს ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი კომპანიები.