სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.
თბილისის მერის თქმით, ასევე დაგეგმილია დამატებით, დაახლოებით, 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა, რაზეც ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
“თქვენ იცით, რომ თბილისის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა. ამ მხრივ არსებული გამოწვევების დაძლევა არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენ უკვე დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლების პროცესი. თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების პირველი პარტია სექტემბერში შემოვა და მისი შემოყვანა წლის ბოლომდე დასრულდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვდა ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის ხელმძღვანელს თუგრუნ არიკანს.