თბილისის მერის მოადგილე და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, საზოგადოებრივი ავტობუსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯი თი გრუპისა“ და ISUZU-s მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის მიწვევით, ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ და ავტოტრასნპორტის წარმოების პროცესს გაეცნენ. კერძოდ, ავტობუსების საწარმოო ხაზი დაათვალიერეს და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ტექნიკური პარამეტრები შეაჯერეს, ასევე დაიგეგმა 220 ავტობუსის მოწოდების შესაძლო გრაფიკი.
თურქული კომპანია, შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით, ივნისის ბოლოსთვის დაამზადებს ავტობუსის პროტოტიპს და შემსყიდველის თანხმობის შემდეგ დაიწყება 220 ავტობუსის წარმოების პროცესი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.